|
|
გახსენება
2011 წლის 16 ნოემბერს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ ხუროთმოძღვარს ალექსი იაკობის ძე მიმინოშვილის. ბატონი ალექსის მთელი შეგნებული ცხოვრება დაკავშირებული იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიის საბჭოთა პერიოდთან.

დაიბადა ქ.სოხუმში, აფხაზეთში (შემდგომში - ავტონომიური რესპუბლიკა), სახელმწიფო მოსამსახურის ოჯახში. აქვე მიიღო საშუალო (ქ.სოხუმის შრომითი სკოლა) და სპეციალური საშუალო (ქ.სოხუმის ინდუსტრიალური ტექნიკუმი) განათლება.შემდგომ სწავლობდა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1933 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა და რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ.სოხუმში, ხოლო 1939 წლიდან დასახლდა ქ.თბილისში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა საყვარელ საქმეს.
ალქსი მიმინოშვილი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სახელმწიფო (სტალინის) პრემიის ლაურეატი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აქტიური წევრი დღიდან I ყრილობის მოწვევისა 1936 წელს. 1936-1939 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის პასუხისმგებელი მდივანი. შემდგომში - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის და გამგეობის პრეზიდიუმის წევრი მრავალი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კომისიებს. ნაყოფიერად მუშაობდა ქ.თბილისის და საქართველოს სახმშენის არქიტექტურულ-სამშენებლო საბჭოებში.
ალექსი მიმინოშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა ადრეულ წლებში დაიწყო, 1930 წლიდან. თავის დროზე, საერთო აზრით, ბატონი ალექსი იყო საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორი, რაზეც ნათლად მეტყველებს მის მიერ შექმნილი მრავალრიცხოვანი ობიექტები მთელს საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი ქ.თბილისში და მის სათაყვანებლ ქ.სოხუმში, აფხაზეთში.
მისი ნამუშევრები მეტად საინტერესოა, გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით, იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ობიექტს ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით. მისი პროექტით შესრულებულია- საცხოვრებელი სახლი ნ.ნიკოლაძის ქუჩაზე (რაშიც მიიღო სტალინური პრემია), კონიაკის ქარხნის ცენტრალური კორპუსი ავჭალის გზატკეცილზე, საცხოვრებელი სახლი თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე.
Nov 25, 2011
|
|