|
|
ვენეციის ბიენალე 2010
ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება 2010 წლის 29 აგვისტოს და გაგრძელდება 21 ნოემბრამდე. ბიენალე საუკუნეზე მეტს ითვლის იგი დაარსდა 1895 წელს და ყველაზე პრესტიჟული კულტურული ღონისძიებაა მთელს მსოფლიოში, რომელიც წარმოაჩენს თანამედროვე ხელოვნებას, სადაც ეწყობა საერთაშორისო ღონისძიებები და შეხვედრები. აქ ტარდება არქიტექტურის, კინოს, მუსიკის, ცეკვის, თეატრის ფესტივალები, ხელოვანები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან და მართავენ საინტერესო ღონისძიებებს. წელს გამოფენის კურატორად დაინიშნა კაძუო სეჯიმა (Kazuyo Sejima) იაპონელი არქიტექორი, რომელმაც მიმდინარე წელს მიიღო უმაღლესი არქიტექტურული ჯილდო “პრიცკერის პრემია” თავისივე არქიტექტურულ ფირმა “SANAA” -სთან ერთად.
საქართველოს ნაციონალური პავილიონი, რომელიც განთავსდება ჯარდინიების საგამოფენო სივრცეში ორგანიზებას უწევს საქართველოს არქიტექტორთა კავშირი.
ასევე 2006 და 2008 წლებს ვენეციის მე-X და XI ბიენალეზე არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით საქართველოს ნაციონალური გამოფენები გაიმართა სან-მარკოს მოედანზე სან-გალოს საგამოფენო სივრცეში.
მე-XII ბიენალეს თემა "არქიტექტურა, როგორც შეხვედრების საშუალება" ქართულ პავილიონის ინსტალაციაში ვითარდება კონცეფციით "არქიტექტურა კონფლიქტების გარეშე", (იგულისხმება ბუნებრივ გარემოში უკონფლიქტო ჩართვები).
21-ე საუკუნეში კაცობრიობას მოუწევს გაცემა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა გლობალური დათბობა, შეზღუდული რესურსები, ენერგიის, წყლის, ჰაერის, ნიადაგის და ნედლეულის დაუბალანსებელი გამოყენება და ა.შ.
დადგა დრო, როდესაც არქიტექტორებმა უნდა ვიფიქროთ ამ პროცესებში ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე (როდესაც ხშირად ხელს ვუწყობთ მრავალ თანამედროვე ქალაქში შეიქმნას ბეტონის, ფოლადის, მინის უზარმაზარი აგლომერატები) არქიტექტურაზე, როგორც მოსალოდნელი კატაკლიზმების თავიდან აცილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ საშუალებაზე.
ამგვარ მნიშვნელოვან საკითხებზე დაფიქრებისა და გააზრებისათვის საქართველოს ნაციონალური პავილიონის ინსტალაციის პროექტს საფუძვლად დაედო იდეა "სიმბოლური პაუზა".
ამ თვალსაზრისით პროექტი წარმოადგენს მწვანე მოლზე განთავსებულ ღია-გახსნილ-გამჭოლ სივრცეს, რომელშიც გრძივად დაფენილია სინთეტური ფერადი ბადე-ბილიკი.
ინსტალაციისა და კომპოზიციის ძირითადი ელემენტია ქართულ ეთნოგრაფიული დარბაზის ჭერის იმიტაცია, (სადაც ტრადიციულად სათათბიროდ და სანადიმოდ იკრიბებოდნენ ადამიანები) ამ შემთხვევაში "სიმბოლური პაუზა" შეჩერების ადგილი, სადაც კიდევ ერთხელ ვფიქრდებით და ვიწყებთ დიალოგს ხსენებულ პრობლემებზე - ბუნებრივი და ხელთქმნილი გარემოს შორის ხშირ კონფლიქტებზე მათ შორის ჰარმონიის დეფიციტზე.

მე-12 ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ნაციონალური პავილონის
კომისარი დავით აბულაძე
კურატორები ნიკოლოზ აბაშიძე, ბესარიონ ტატიშვილი.
Jun 7, 2010
|
|