საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პროფესიული ეთიკის კოდექსი - მიღებულია საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ.
კოდექსის დებულებები ვრცელდება საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრებზე და რეკომენდებულია საქართველოში მოღვაწე დანარჩენი არქიტექტორებისათვის.
1. არქიტექტორი და საზოგადოება
მუხლი 1. არქიტექტორი ვალდებულია თავის პროფესიულ პრაქტიკაში არ ჩაიდინოს და არ დაუშვას საზოგადოების ინტერესების შემლახველი ქმედებაზე ხელისუფლების, დამკვეთის ან პარტნიორის მხრიდან იძულების შემთხვევაშიც კი. საზოგადოებისა და დამკვეთის ინტერესების დაპირისპირების შემთხვევაში არქიტექტორი ვალდებულია თავისი ცოდნა, გამოცდილება და მეცადინეობა წარმართოს ისეთი გადაწყვეტის მოძიებისა და განხორციელებისაკენ, რომელიც უწინარესად არ ავნებს საზოგადოებრივ ინტერესებს.
მუხლი 2. საზოგადოებრივი ინტერესების შემლახველ ქმედებათა პროფესიული საშუალებებით აღკვეთის შეუძლებლობის შემთხვევაში არქიტექტორი ვალდებულია უარი განაცხადოს ამგვარ ქმედებებთან დაკავშირებულ სამუშაოზე და საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და საზოგადოებრიობის ყურადღება მიაპყროს ამგვარ ქმედებათა შედეგებზე.
მუხლი 3. არავითარ გარემოებაში არქიტექტორი არ უნდა უშვებდეს პროფესიის საზოგადოებრივი პრესტიჟის შემლახველ ქმედებას. ამ თვალსაზრისით არქიტექტორმა თავი უნდა შეიკავოს ობიექტურობისა და პროფესიული კომპეტენტურობის მხრივ საეჭვო რედაქციებსა და გამომცემლობებთან თანამშრომლობისაგან.
მუხლი 4. კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნება და მომრავლება, გარემოს დაცვა-არქიტექტორის პროფესიული ვალია. არქიტექტორის უშუალო ან გაშუალებული მონაწილეობა ისტორიული ქალაქური გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა, ბუნების უნიკალური ლანდშაფტების განადგურებაში შეუთავსებელია საქართველოს არქიტექტორთა კავშირში მის წევრობასთან.
მუხლი 5. არქიტექტორი ვალდებულია სათუთად და პატივისცემით მოეპყროს ეროვნულ ჩვეულებებსა და ტრადიციებს ყველგან, სადაც მას უხდება პროფესიული საქმიანობა. სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრები კისრულობენ ვალდებულებას იხელმძღვანელონ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის მიერ მიღებული `პრაქტიკული საქმიანობით დაკავებული არქიტექტორის მორალური კოდექსის~ ნორმებით.
II. ურთიერთობა დამკვეთთან
მუხლი 6. დამკვეთის წინადადების განხილვისას არქიტექტორს მართებს თავი შეიკავოს მისი მიღებისაგან იმ შემთხვევაში, თუU:
დამკვეთის მოთხოვნები შეუთავსებელია არქიტექტორის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან, პროფესიულ მოვალეობასა და შემოქმედებით მრწამსთან;
დაკვეთის პირობები ლახავს სხვა არქიტექტორის საავტორო უფლებას ან შეურაცხყოფს მის ღირსებას;
არქიტექტორი არ არის დარწმუნებული, რომ მას ძალუძს დაკვეთის შესრულება მაღალ პროფესიულ დონეზე, ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით. ამასთან, მიზანშეწონილია დამკვეთს ეცნობოს უარის მოტივები და ინფორმაცია იმ არქიტექტორის შესახებ, რომელსაც უნარი შესწევს დაკვეთის მაღალ დონეზე შესრულება.
მუხლი 7. დაკვეთის მიღებისთანავე არქიტექტორი კისრულობს ვალდებულებას იყოს დამკვეთის ინტერესების გამომხატველი და დამცველი ობიექტის დაპროექტებისა და მშენებლობის ყველა სტადიაზე, რომლებშიც მისი მონაწილეობა განისაზღვრება დამკვეთთან დადებული სათანადო ხელშეკრულებით.
მუხლი 8. არქიტექტორი ვალდებულია დამკვეთს აძლევდეს პროფესიულ განმარტებებსა და რჩევებს, მისივე ინტერესებისათვის, აფრთხილებდეს მას საზიანო ცდომილებებისა და ქმედებისაგან. არქიტექტორი ვალდებულია დროულად აცნობოს დამკვეთს მისი ხარჯების შესაძლო გაზრდის შესახებ და მისი თანხმობის გარეშე არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით ხარჯს გამოიწვევს.
მუხლი 9. არქიტექტორი ვალდებულია დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს დამკვეთის ქონებასა და სახსრებს; გამოიყენოს ისინი მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთის ინტერესებისათვის; უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოებისა და გადასახდელების აღრიცხვა და ანგარიშგება აბსოლუტური სიზუსტით, მკაფიოდ და რეგულარულად.
მუხლი 10. დაკვეთის შესრულებისას არქიტექტორს მართებს თავი შეიკავოს კომერციული ურთიერთობებისაგან მენარდეებთან, მომწოდებლებთან, სამუშაოების შესრულებაში დაინტერესებულ სხვა ორგანიზაციებთან და პირებთან, თუ ამგვარი ურთიერთობების საჭიროება და პირობები არ არის შეთანხმებული დამკვეთთან.
მუხლი 11. არქიტექტორი ვალდებულია ყველა შემთხვევაში დაიცვას დამკვეთთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა, გარდა დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობებისა მესამე პირებთან.
მუხლი 12. არქიტექტორი იურიდიულად და მორალურად პასუხს აგებს მისი ხელმოწერით დადასტურებულ ყველა გადაწყვეტილებაზე.
III. ურთიერთობა კოლეგებთან და თანამშრომლებთან.
მუხლი 13. არქიტექტორმა თავი უნდა შეიკავოს კოლეგის სახელისა და პროფესიული ღირსების შემლახველი ქმედებისა და გამოთქმებისაგან. პროფესიულ ურთიერთობებში დაუშვებელია შეურაცხყოფა, უღირსი ხერხების გამოყენება, ინსინუაციები პირდაპირი და არაპირდაპირი ბრალდებებით, კოლეგის საქმიანობის არაკორექტული შეფასება.
მუხლი 14. არქიტექტორმა თავი უნდა შეიკავოს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, სხვა პროფესიული გაერთიანებების სახელის, უფლებებისა თუ ქონების საზიანო ქმედებისაგან.
მუხლი 15. არქიტექტორი ვალდებულია გაიზიაროს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ შემუშავებული ან შეთანხმებული წესდებები, დებულებები და სხვა ამგვარი, სახელდობრ, ინდივიდუალური შემოქმედებითი სახელოსნოების განაწილებისა და ექსპლუატაციის წესი, საკურორტო თუ ტურისტული საგზურების განაწილების წესი და ა.შ.
მუხლი 16. კოლეგების პროფესიულ შეცდომებზე მითითება შესაძლებელია მხოლოდ კორექტულ ფორმებში და პროფესიული არგუმენტაციის მოშველიებით. სხვა არქიტექტორის ნამუშევარზე მსჯელობისას შეუფერებელია საკუთარი შემოქმედებითი მრწამსისა და მეთოდების თავზე მოხვევა.
მუხლი 17. არქიტექტორის მხრიდან კოლეგის საავტორო უფლებების ნებისმიერი შელახვა განიხილება როგორც შიდაპროფესიული ურთიერთობების უხეში, პროფესიის პრესტიჟისათვის საზიანო დარღვევა.
არქიტექტორს უფლება არა აქვს დაუშვას:
ა) სავტორო კოლექტივიდან იმ არქიტექტორთა გამორიცხვა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ მუშა დოკუმენტაციის დამუშავებასა და მშენებლობის ზედამხედველობაში, თუ ამ სტადიებზე ძირითადი არქიტექტურული ჩანაფიქრი შენარჩუნებულ იქნა;
ბ) საავტორო კოლექტივში იმ პირთა ჩართვა, რომლებიც პირადი შემოქმედებითი შრომით არ მონაწილეობდნენ არქიტექტურული პროექტის შექმნაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ პირებმა ავტორებს გაუწიეს ტექნიკური, ორგანიზაციული, ფინანსური და სხვაგვარი დახმარება ან მხარდაჭერა დაპროექტებაში, პროექტის დაცვასა და ობიექტის მშენებლობაში;
გ) სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ობიექტის მშენებლობის სტადიებზე დამტკიცებული ინდივიდუალური პროექტის არქიტექტურულ გადაწყვეტაში ცვლილებების შეტანა, ამ პროექტის ავტორთა მონაწილეობისა თუ თანხმობის გარეშე;
დ) ინდივიდუალური არქიტექტურული პროექტის გამოყენება უცვლელად თუ ცვლილებების შეტანით, პროექტის ავტორების თანხმობის, მათი გვარების მითითებისა და პროექტის გამოყენებისათვის მათი ანაზღაურების გარეშე;
ე) ტიპობრივი პროექტის ან ამგვარი პროექტის ნაწილის გამოყენება მისი ავტორების მოხსენიებისა და მათი შეტყობინების გარეშე;
ვ) ობიექტის შეცვლასთან დაკავშირებულ სამუშაოებში (ობიექტის დასრულება, მიშენება, დაშენება გადაგეგმარება) მისი ავტორების მონაწილეობისა თუ თანხმობის ან ავტორთა უფლება-მემკვიდრეობის შეტყობინების გარეშე;
ზ) კომპლექსში შემავალი ცალკეული ობიექტების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება კომპლექსის დამტკიცებული პროექტის ავტორების თანხმობის ან მონაწილეობის გარეშე;
თ) პროექტის მასალების ან ობიექტის ფოტოების გამოქვეყნება ყველა ავტორის მითითების გარეშე;
ი) პროექტის თანაავტორთა შორის გასამრჯელოსა თუ პრემიების უსამართლო განაწილება.
მუხლი 18. სხვა პირების მიერ წინამდებარე კოდექსის მე-17 მუხლში ჩამოთვლილი დარღვევების ჩადენის შემთხვევაში ყველა არქიტექტორს მართებს უფლებაშელახული კოლეგის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება და საავტორო უფლებების აღდგენაში მისთვის ყოველმხრივი დახმარების გაწევა.
მუხლი 19. თანაავტორებთან ურთიერთობაში არქიტექტორმა უნდა შეინარჩუნოს პატივისმცემელი დამოკიდებულება. შესაძლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად მრავალრიცხოვან საავტორო კოლექტივებში თანაავტორთა შორის მიზანშეწონილია ხელშეკრულების დადება, რომელშიც განსაზღვრულია: ავტორთა მიმდევრობის მითითება, საავტორო მონაწილეობის წილი (საავტორო კოლექტივის ხელმძღვანელი, კომპლექსის ავტორი, ობიექტის ავტორი, ობიექტის ნაწილის ავტორი და ა.შ.); გასამრჯელოს (პრემიის) განაწილება; ის ავტორი, რომელსაც საავტორო კოლექტივი ანდობს პროექტისა და საავტორო უფლებების დაცვას და ა.შ.
მუხლი 20. არქიტექტორი არ უნდა მიმართავდეს კონკურენციის უღირს მეთოდებს, სახელდობრ, იგულისხმება:
ა) დამკვეთისათვის თავისი პროექტებისა თუ სხვა სახის სამსახურის შემოთავაზება მაშინ, როდესაც ეს დავალებული აქვს სხვა არქიტექტორს;
ბ) პროფესიული სამსახურის გაწევისათვის იმაზე ნაკლები გასამრჯელოს მიღება, რაც დადგენილია საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ აღიარებულ მოქმედ ნიხრებსა თუ განფასებებში.
მუხლი 21. კოლეგის მიერ შედგენილი პროექტის ექსპერტიზის ჩატარებისას, ან დამკვეთისათვის კოლეგის ნამუშევართან დაკავშირებული კონსულტაციებისა თუ რჩევების მიცემისას, არქიტექტორი მოვალეა იმოქმედოს დაუფარავად და დაინტერესებულ კოლეგას არ დაუმალოს რჩევა – კონსულტაციების შინაარსი ყველა შემთხვევაში, გარდა დამკვეთის ინტერესების შემლახველი და საგანგებოდ განსაზღვრული შემთხვევებისა.
მუხლი 22. თავისი პროფესიის ღირსებისათვის ზრუნვასთან ერთად, არქიტექტორი მოვალეა პატივისცემით მოეკიდოს თანაშემწეების, კონსულტანტებისა და მომიჯნავე სპეციალისტების შრომას და უზრუნველყოს მათი შრომითი მონაწილეობის წილისა და კვალიფიკაციის შესაფერისი ანაზღაურება.
მუხლი 23. დაკვეთის შესრულების პროცესში მიზანშეუწონელია თანაშემწეებისა თუ მომიჯნავე სპეციალისტების შეცვლა დასაბუთებული მიზეზების გარეშე. ამასთან, დასათხოვი თანაშემწეები თუ მომიჯნავე სპეციალისტები უნდა გაფრთხილდნენ წინასწარ, ხოლო მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულდეს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა ჩათვლით.
IV. თანამდებობრივი ურთიერთობები
მუხლი 24. არქიტექტორმა, რომელსაც ადმინისტრაციული თანამდებობა უკავია, არ უნდა გამოიყენოს ეს უპირატესობა მისი კერძო არქიტექტურული საქმიანობის სასარგებლოდ.
მუხლი 25. პროფესიულ ღირსებასა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრობასთან შეუთავსებელია არქიტექტორის მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება შემდეგი მიზნებით:
ა) პრესტიჟული თუ მაღალი ღირებულების დაკვეთების ან საპატიო წოდებების, ჯილდოების, პრემიების მისაღებად;
ბ) დახურულ არქიტექტურულ კონკურსებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
გ) თავის კერძო პრაქტიკაში საქვეუწყებო ქონებისა თუ სახსრების გამოსაყენებლად;
დ) საავტორო კოლექტივში თანამდებობის პირის არამართლზომიერი ჩართვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი იძულებისათვის;
ე) საქვეუწყებო ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების დამკვეთთა პირდაპირი თუ არაპირდაპირი იძულებისათვის დაკვეთა გააფორმონ მის საქვეუწყებო ორგანიზაციასთან ან საკუთარ სახელოსნოსთან.
მუხლი 26. პროფესიის ღირსებისა და პრესტიჟის დაცვის მიზნით, წინამდებარე კოდექსის 25-ე მუხლის პპ. გ), დ), ე)-ს შესაბამის ქმედებათა შესახებ უტყუარი ფაქტების დადგენის შემთხვევაში, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი აღძრავს სარჩელს ტანამდებობის პირების ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადაცემის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 27. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, პროექტების ექსპერტიზის თუ პროფესიული საბჭოების მუშაობაში მონაწილეობის მიღების დროს არქიტექტორი, რომელსაც დაკავებული აქვს ადმინისტრაციული თანამდებობა, მოვალეა პატივისცემით მოეკიდოს კოლეგის საავტორო კონცეფციას, არ მოახვიოს მას თავს საკუთარი შემოქმედებითი მრწამსი.
მუხლი 28. არქიტექტორი, რომელსაც დაკავებული აქვს ადმინისტრაციული თანამდებობა, მოვალეა უზრუნველყოს ხელქვეითი კოლეგების შრომითი და საავტორო უფლებები, მათ შორის უფლება, ნებისმიერ ინსტანციაში დაიცვან თავიანთი პროექტი და შემოქმედებითი ინტერესები.
მუხლი 29. ორგანიზაციების ხელმძღვანელმა არქიტექტორებმა, რომლებიც საავტორო ჯგუფის წევრები არ არიან, თავი უნდა შეიკავონ შემდეგი ქმედებებისაგან.
ა) საავტორო ჯგუფის ჩამოყალიბებაში ჩარევა;
ბ) საავტორო კომპეტენციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საკითხების გადაწყვეტა;
გ) ავტორთა გარეშე იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც მათ შემოქმედებით ინტერესებს შეეხება.
V. კონკურსებში მონაწილეობა
მუხლი 30. არქიტექტორი ვალდებულია თავი შეიკავოს იმ კონკურსში მონაწილეობისაგან, რომლის პირობები შელახავს კოლეგების საავტორო უფლებებს ან ეწინააღმდეგება საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ შემუშავებული არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი კონკურსების ჩატარების სანიმუშო დებულების~ ძირითად პრინციპებს.
არქიტექტორმა აგრეთვე თავი უნდა შეიკავოს კონკურსში მონაწილეობისაგან, თუ კონკურსის პირობებით დადგენილი პრემიები ნაკლებია ესკიზური არქიტექტურული პროექტის დებულებით დადგენილზე.
მუხლი 31. არქიტექტორს, რომელიც შედის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში, არა აქვს უფლება:
საკონკურსო პროექტის დამუშავებაში მიიღოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მონაწილეობა;
კონკურსის ამა თუ იმ მონაწილეს მიანიჭოს უპირატესობა პირადი მოტივების საფუძველზე;
გაამხილოს კონფიდენციალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე;
კონსულტაცია ჩაუტაროს კონკურსის მონაწილეებს;
მიიღოს საკონკურსო ნამუშევრები კონკურსის პირობებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ;
მონაწილეობა მიიღოს პრემირებული პროექტის დამუშავების შემდგომ სტადიებში.
მუხლი 32. არქიტექტორი, რომელიც პირადად დაინტერესებულია კონკურსის შედეგებით, ვალდებულია ამ კონკურსის ჟიურის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვას.
მუხლი 33. კონკურსის პირობების დარღვევით არქიტექტორი ზიანს აყენებს კონკურსში მონაწილე კოლეგების შემოქმედებით ინტერესებს. კონკურსის მონაწილენი და ჟიურის წევრები ვალდებული არიან წინააღმდეგობა გაუწიონ კონკურსის პირობების დარღვევის მცდელობებს (საკონკურსო მასალების პირობების მოთხოვნებთან შედარებით გაზრდილი მოცულობით შესრულება; კონკურსის პირობებით გაუთვალისწინებელი სამხატვრო თუ სადემონსტრაციო ხერხების გამოყენება, საკონკურსო პროექტის წინასწარი რეკლამა და ა.შ.). კონკურსის მონაწილენი ვალდებული არიან უარი ათქმევინონ ჟიურის კონკურსის პირობების დამრღვევი პროექტების განხილვაზე.
VI. პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისათვის და დარღვევების განხილვის პროცედურა
მუხლი 34. წინამდებარე კოდექსის დარღვევა უტოლდება საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წესდების დარღვევას და იწვევს მიყენებული ზარალის შესატყვისი სანქციების გამოყენებას.
მუხლი 35. კოდექსის დარღვევის ფაქტების დადგენა, მათი განხილვა, კვალიფიკაცია და სანქციების განსაზღვრა შედის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პროფესიული ეთიკის კომისიის კომპეტენციაში. ამ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება ხმების 2/3-ით კომისიის წევრთა არანაკლებ ¾3/4-ის დასწრებით.
მუხლი 36. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრები ვალდებული არიან ყოველმხრივ შეუწყონ ხელი პროფესიული ეთიკის კომისიას სიმართლის დადგენაში, არ დაუშვან მათთვის ცნობილი ფაქტების დამალვა ან დამახინჯება.
მუხლი 37. დარღვევის ფაქტის განხილვის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრის ან წევრთა ჯგუფის ოფიციალური განცხადება, ან ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით გამოქვეყნებული შესაბამისი მასალა.
მუხლი 38. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) დარღვევის ზუსტ აღწერას;
ბ) იმ არქიტექტორის სახელსა და გვარს, რომელმაც განმცხადებლის აზრით დაუშვა დარღვევა.
განცხადებას შეიძლება დაერთოს: დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი საბუთების ასლები; მოწმეებზე მითითება; წინადადებები ფაქტების შემოწმების მეთოდებისა და ხერხების თაობაზე; საქმის ჭეშმარიტი მდგომარეობის დადგენის ხელშემწყობი სხვა ცნობები.
მუხლი 39. საქართველოს არქიტექტორთა კავშირში შემოსული განცხადება ტარდება რეგისტრაციაში და განსახილველად გადაეცემა პროფესიული ეთიკის კომისიას. კომისიას შეუძლია განსახილველად არ მიიღოს ისეთი განცხადება, რომელიც ანონიმურია, აშკარად კანონსაწინააღმდეგოა ან მასში აღწერილი დარღვევა აღინიშნება განცხადების შემოტანამდე 2 წლით ადრე.
მუხლი 40. განსახილველად მიღებული განცხადება ორი კვირის ვადაში განიხილება კომისიის სხდომაზე, რომელზეც წყდება განცხადებაში აღნიშნული დარღვევის შემოწმების საჭიროების საკითხი და ინიშნება დარღვევის ოფიციალური გამოკვლევის ვადები. კომისია წინასწარ ატყობინებს მხარეებს დარღვევის ოფიციალური გამოკვლევის ვადებს; ამასთან, იგი საშუალებას აძლევს მოპასუხეს, გაეცნოს განცხადების არსს და მოემზადოს დაცვისათვის.
მუხლი 41. ოფიციალურ გამოკვლევაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ:
განმცხადებელმა თავისი ნებით გამოითხოვა განცხადება;
მოპასუხემ გამოასწორა თავისი დარღვევა მორალური თუ მატერიალური ზარალის ანაზღაურების გზით;
გამოვლინდა მოპასუხის უდანაშაულობის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტები.
მუხლი 42. კომისიის სხდომაზე მოწვეული მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიას გადააქვს სხდომა არა უმეტეს ორი კვირის ვადით, რის შესახებაც ატყობინებს ორივე მხარეს. მოპასუხის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს მის გარეშეც.
მუხლი 43. განცხადება დარღვევის შესახებ კომისიის სხდომაზე განიხილება განმცხადებლისა და მოპასუხის დასწრებით; საჭიროების შემთხვევაში მოწმეების, ექსპერტებისა და იურისტების მონაწილეობით. ფაქტების უკმარისობის ან დამატებით გარემოებათა გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება დანიშნულ იქნას დამატებითი გამოძიება და კომისიის განმეორებითი სხდომა.
მუხლი 44. კომისია უფლებამოსილია პროფესიული ეთიკის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
პროფესიული გაკიცხვა-გაფრთხილება;
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრობის დროებითი (1 წლამდე) შეჩერება;
საქართველოს არქიტექტორთა კავშირიდან გარიცხვა.
მოპასუხეს უფლება აქვს ორი კვირის ვადაში გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სამდივნოში. კომისიის გადაწყვეტილება სანქციების შესახებ ძალაში შედის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სამდივნოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.
მუხლი 45. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სამდივნოს მიერ დამტკიცებული კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოქვეყნდეს კავშირის ბეჭდვით ორგანოში.